„მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ ექვს თვეში, შვიდ თვეში, თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი, ყველაზე დიდი გამოწვევა.
ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული. ახლა გამართლებული არ არის შესვენება.
კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე მოვუწოდებ ყველას – ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, დროულად მივიღოთ; ყველა ის საკითხები, და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, დიალოგით, ერთად ყოფნით და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, „ევროპული პერსპექტივა“, რომელიც ევროპულმა საბჭომ 23 ივნისს საქართველოს მიანიჭა, ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივაა და „არავის აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. ოპოზიციამ დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის განხილვა შეიტანა.
რიგგარეშე სესიის მოწვევაზე პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელს არ აწერდნენ „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. სესიის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს „ქართული ოცნება“.